#მოვლა

ნიკურაძე მარი
ჩხეიძე ელენე
ბაგაშვილი თამუნა

ჭიათურის ეკო-ტრაგედია

2016 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სამუშაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტის დაცვისთვის დააჯილდოვა - ალბათ ამაზე ირონიული წელს ქვეყანაში ძალიან ცოტა რამ მოხდა.
7 წელზე მეტია, ჟურნალისტი ვარ და 7 წელია, ჭიათურის უბედურებებზე ვწერ. შრომის უსაფრთხოების მხარეს რომ შევეშვათ, ჩემთვის გარემოს დაბინძურებისთვის პირველი ასოციაცია სწორედ ჭიათურაა.
მდინარე ყვირილა შავია, ქალაქში ბუღი დგას, მიწისქვეშა წყაროები, რომელიც ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებს, ზედა კარიერული სამუშაოების დროს ბინძურდება, მომპოვებლური სამუშაოების დროს არ ინახავენ ჰუმუსს შემდგომი რეკულტივაციური სამუშაოებისთვის - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემების, რომელსაც წლებია ჭიათურის მოსახლეობა და გარემო აწყდება, თუმცა მათ გადასაწყვეტად თითქმის არაფერი კეთდება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანეზს მოიპოვებს და ყველა მაღარო მას ეკუთვნის, ხოლო მცირე საწარმოები, რომლებიც კუსტარულად მოიპოვებენ მანგანეზს ზედა კარიერული გათხრებისას, იმავე კომპანიაზე ყიდიან მოპოვებულ ნედლეულს.
კომპანიის საქმიანობა 2014 წლის აპრილში გარემოს დაცვის სამინისტრომ შეამოწმა და გარემოზე მიყენებული ზარალის გამო დაახლოებით 350 მილიონი ლარით დააჯარიმა, რის გამოც, კომპანიამ სასამართლოში იჩივლა. ჯარიმა ჯერ ისევ გადაუხდელია.
სოფელი რგანში, რომელიც ჭიათურას ეკუთვნის და 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, საგანგაშო მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ აქ მიწისზედა და მიწისქვეშა მოპოვება მიმდინარეობს; განვითარდა ზედაპირული მეწყერი, რომლის გამოც ბევრი ადამიანი იძულებული გახდა, სოფელი მიეტოვებინა. რგანის გარდა, კიდევ ათი სოფელია რთულ მდგომარეობაში. ზოგადად ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ქალაქია ჩემთვის საქართველოში. საჩხერიდან როგორც კი გადაუხვევ გზას უცებ ორ კლდეს შორის მოქცეულ ქალაქში ხვდები, რომელიც დროშია გაჩერებული.
პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, მაღალი საბჭოთა ტიპის შენობებია, შავი და ჩამონგრეული, ერთი შეხედვით, მიტოვებული, თუმცა სინამდვილეში ისინი მოქმედი ქარხნებია, სადაც ნედლეულს რეცხავენ და ახარისხებენ. იმის გამო, რომ კედლები დანგრეულია, დიდი ნაწილი შენობიდან იყრება და პირდაპირ მდინარეში ხდვდება.
ხშირად პატარა კომპანიები მოპოვებულ ნედლეულს პირდაპირ მდინარეში რეცხავენ. შედეგი კი არის ის, რომ ამ ძველ და გოთიკურ ქალაქში დანგრეულ ჩაშავებული შენობებთან, დაჟანგული საბაგიროებსა და ძველისძველ ტექნიკასთან ერთად შავი ყვირილა მთლიან ჰარმონიას ქმნის.
ამ ყველაფრის ფონზე ამ პატარა ქალაქში არის ერთი პატარა გარემოს დაცვითი ორგანიზაცია, რომელიც წლებია იბრძვის იმისთვის, რომ ჭიათურაში ეკოლოგიის მხრივ სიტუაცია შეიცვალოს. ადგილობრივი მთავრობა ვერაფერს ხდება, ცენტრალური - არ არის დაინტერესებული. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ სკოლის მოსწავლეებთან ემუშავათ.
ბავშვებმა იმდენს მიაღწიეს მრავალი წერილით და პატარ-პატარა აქციებით, რომ ქალაქში ჰაერის გამწმენდი ტექნიკა შეიძინეს და დიდ ბრძოლაში პატარა ნაბიჯი გადადგეს წინ.
ვცდილობ, ამ თემაზე ბევრი ვწერო, მაგრამ ძალიან რთულია, მკითხველი გარემოს დაცვის საკითხებით დააინტერესო, თუ პრობლემა მათ ცხოვრებას საგრძნობლად და შესამჩნევად არ ეხება.
არ ვთვლი და ასეც არის, რომ ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფა რომელიმე კონკრეტული მთავრობის ან კომპანიის ბრალია. წლებია, მთავრობები იცვლება, კომპანიებიც შეიცვალა, თუმცა ეკო-გარემოს არაფერი დაეტყო და ვერ დაეტყობა ალბათ მანამ, სანამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და სანამ ერთიანი თაობა არ იქნება ისეთი, რომელიც იფიქრებს იმაზე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენოს და მისგან სარგებელი მეტი მიიღოს სხვა გზებით. ჯერ ცოტა შორია იქამდე.
მე როცა პატარა ვიყავი, ჩემი მაგალითი მამაჩემი იყო, რომელიც, როცა ჩვენი კორპუსის კაცები ეზოში ჯოკერს თამაშობდნენ და მზესუმზირას შეექცეოდნენ ნაჭუჭებს მამაჩემი ხელში იგროვებდა და სანაგვე ურნაში ყრიდა, არასდროს მინახავს, პატარა ფურცლის ნაგლეჯიც კი ძირს დაეგდოს.
მაგრამ ორი დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში მოვდიოდი, როცა მაღაზიიდან ქალი გამოვიდა, ნაგვით სავსე პარკი გამოიტანა და შუა გზაზე დააგდო. როცა ქალი მაღაზიიდან ნაგავს სანაგვე ურნამდე მიიტანს, მაშინ კომპანია მდინარეს აღარ დააბინძურებს და უკვე სხვა პრობლემების გადასაჭრელად ვიზრუნებ ალბათ.

ჯერჯერობით ძალიან რთულია, ხალხის ყურადღება გარემოს დაცვის საკითხებით მიიზიდო, თუ პრობლემა უშუალოდ მათ ცხოვრებას არ ეხება და სირთულეებს არ უქმნის.

წლებია, ერთგვარად გოთიკური ქალაქი ჭიათურა, ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძვის, მაგრამ თითქმის უშედეგოდ.

ძველისძველი ქარხნის შენობები არ რემონტდება, გასარეცხი და გარეცხილი მადნეული კელდებიდან ცვივა და მდინარე ყვირილაში იყრება.

კომპანიები იცვლება, მთავრობები იცვლება თუმცა პატარა მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ინდუსტრიულ ქალაქში არაფერი იცვლება, ის კატასტროფის წინაშეა.

შავი ქალაქი

მდინარე ნაგავსაყრელი არ არის !

„გარემოს დამცველი რომ გავხდე, არასდროს მიფიქრია, აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება“ - ამბობს, სოფელ ატენში მცხოვრები, მეათე კლასელი მიშიკო შავდათუაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დალაგებაში ხშირად იღებს მონაწილეობას, მდინარის დასუფთავებაზე არასდროს უფიქრია.
მე თბილისში დავიბადე, სოფელში უნდა დავბადებულიყავი, უფრო ახლოს მიწასთან, ჩემს სოფელთან. ბავშვობაში ზაფხულს ყოველთვის იქ ვატარებდი, ნახირში დავყვებოდი ჩემს მეზობელს, თუთის ხეზე ვაშენებდით პატარა სახლს, ისტორიებს ვიგონებდით ერთმანეთის შესაშინებლად, დავრბოდით, ველოსიპედებით დავქროდით, შემოდგომაზე რთველი გვქონდა და ყურძენს ვწურავდით, მაგრამ მდინარეში ვერ ვბანაობდით, ვერასდროს. მდინარე არ გვქონდა, უფრო სწორედ კი გვქონდა, მაგრამ მაცხოვრებლები ნაგავსაყრელად იყენებდნენ.
სოფელი ატენი გორის რაიონია. ზაფხულობით იქ უამრავი ხალხი იყრის თავს, მათ შორის, უცხოელი ტურისტებიც. ატენში არაჩვეულებრივი ბუნებაა. ულამაზესია ატენის სიონი, რომელიც მეშვიდე საუკუნის ძეგლია. მის ირგვლივ მშვენიერი ხედები იშლება. სოფელი განთქმულია ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებით. ატენური ღვინო კი, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

და მაინც, მდინარე ნაგავსაყრელია !

მდინარე ტანა ჯამჯამას მთაზე იღებს სათავეს, მიუყვება მთელ ატენის ხეობას, რომლის სიგრძეც ორმოცი კილომეტრია და ბოლოს მდინარე მტკვარში ჩაედინება. წლების წინ ტანის წყალს სასმელად იყენებდნენ, შემდეგ ადგილობრივებმა საკანალიზაციო მილები მიუერთეს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი და ნაგავი ჩაყარეს, რის შედეგადაც მივიღეთ იმდენად დაბინძურებული მდინარე, რომ სარწყავადაც არ ღირს მისი გამოყენება.
ატენში ათას თოთხმეტი ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი. მთელს სოფელში სულ ოცდაათამდე ნაგვის ურნა დგას და ნაგვის მანქანა ოთხ დღეში ერთხელ მიდის. ციფრებით არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მაგრამ გამოდის, რომ ყოველდღიურად ერთ ნაგვის ურნას დაახლოებით ასოცდაცამეტი კაცი იყენებს. ამიტომ...

მდინარე ნაგავსაყრელია !

ახალგაზრდებს ძალიან აწუხებთ ეს პრობლემა. „საბანაო არ გვაქვს, გვიწევს მაღლა ასვლა ზაფხულობით (მეორე სოფელში გადასვლა), იქ შედარებით სუფთაა წყალი. ვერც ითევზავებ ამ მდინარეში და შემთხვევით, რომ ჩავარდე ადამიანი, ის შეგზიზღდება“, ამას მეუბნება მეთორმეტე კლასელი კახა ჯიოშივილი, რომელიც კლასელებთან ერთად თურმე ხშირად ალაგებს მდინარის სანაპიროს, მაგრამ უშედეგოდ. „ბევრნი, რომ ვიყოთ უფრო გამოჩნდებოდა ჩვენი საქმე, ძალიან ცოტას გვადარდებს ტანას დაბინძურება“.
მინახავს, როგორ გამოდიან ადამიანები და ასუფთავებენ ტერიტორიას, მინახავს ბავშვები, როგორ ალაგებენ მდინარის ნაპირს, რომ იქ ითამაშონ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ერთჯერადი ქმედებებია. მდინარე ტანა მთის მდინარეა და ხშირად დიდდება, მოაქვს ნაგავი სხვა სოფლებიდანაც. სწორედ ამიტომ, მისი ადგილობრივი დასუფთავება საკმარისი არ არის, აუცილებელია ერთიანად გაწმენდა.
იმ დღეს, როდესაც ფოტოების გადასაღებად ჩავედი -3 გრადუსი იყო, მდინარე წყალმცირეა ზამთარში და შესაბამისად დანაგვიანებული ადგილებიც უკეთესად ჩანს. სიცივე არაფრად ჩააგდეს ადგილობრივებმა და დიდი მონდომებით დამყვებოდნენ, მაჩვენებდნენ დაბინძურებულ ადგილებს და მთხოვდნენ რაც შეიძლება მეტი ფოტო გადამეღო. რეალობის უკეთესად აღსაქმელად. დამშვიდობებისას უამრავი თბილი და იმედის მომცემი სიტყვები გამომატანეს.
სოფელ ატენში ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება: ადამიანების დამოკიდებულება მდინარის მიმართ და სოფელში ნაგვის ურნების ნაკლებობა.
ორივე პრობლემა მოგვარებადია, ორივე პრობლემაზე მუშაობა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია ატენში მცხოვრებ ხალხს მივცეთ მაგალითი, შევახსენოთ პრობლემის სიმძიმე და სუფთა მდინარის დადებითი მხარეები.
ახალგაზრდები მზად არიან, ჩაერთონ და აიტაცონ სიახლეები, აკეთონ სოფლისთვის სასიკეთო საქმე.
მათ უბრალოდ სჭირდებათ მიმართულება, მათ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, ადამიანებმა აუცილებელია გაიგონ, რომ
მდინარე ნაგავსაყრელი არ არის !

მდინარე ტანა. როგორც თევზები, ასევე ფრინველები იკვებებიან დაბინძურებული მდინარიდან.

VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს სოფელ ატენში. მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე.

სოფელ ატენში მოსახლეობა დაკავებულია მეღვინეობით. ატენური ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

სოფელში სულ ოცდაათამდე ნაგვის ურნა დგას და დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ნაგვის მანქანა სოფელ ატენში ოთხ დღეში ერთხელ ჩადის.

მდინარე ტანაში მოსახლეობა ყრის, როგორც საყოფაცხოვრებო ნაგავს, ასევე სხვადასხვა სახის ნარჩენებს.

მდინარე ტანა. როგორც თევზები, ასევე ფრინველები იკვებებიან დაბინძურებული მდინარიდან.

მოვლილი უფრო ლამაზია

“ესეც ნატვრის ხის ტრადიციის ნაწილია?” გულუბრყვილოდ მკითხა სანდრამ. 17 წლის ნორვეგიელი მოზარდი კავკასიას პირველად სტუმრობდა. მცხეთის შემოგარენში, რამდენიმე დღით ადრე ნანახმა, ფერადი ლენტებით შებმულმა ნატვრის ხემ მასზე ორაზროვანი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა ახლა იორმუღანლოსაკენ კახეთის გზატკეცილს მივუყვებოდით, და ის რაზეც მან მიმითითა, პოლიეთილენის ფერადი პარკებით შემკული ხეების გრძელი რიგი იყო... ქართველებს ბევრი ნატვრა აქვთ მეთქი, ვიხუმრე უხერხულად და მორიგად გადავატანინე ყურადღება ჰორიზონტზე გაშლილი მთებისაკენ.
ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ კომპონენტად აირჩიეს; იმატა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მოგზაურების აქტიურობამ. თუმცა ერისაგან, რომელიც ღვინის 8000 წლიანი კულტურით იწონებს თავს, ალბათ გაცილებით მეტს მოელიან, ვიდრე პოლიეთილენით მოკაზმული ლანდშაფტებია. თანდათან ძნელდება იმ ნაგვის გამართლება, რომელიც გზადაგზა გვხვდება და თვალნათლივ ჩანს, როგორც ცენტრალური მაგისტრალიდან, ისევე მიკარგული სოფლების შარა გზაზე, ან უკაცრიელ მთებში.
ბუნების იმ სერვისებს, რომელსაც ადამიანი ეკოსისტემისგან - ტყე, ზღვა, მდინარე, და ა.შ. იღებს, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა; ეს არის წყალი, ჰაერი, ხარისხიანი ნიადაგი. გარემოს დაბინძურებისგან დაცვა კეთილი ნების გამოხატვაზე მეტად, რაციონალური გადაწყვეტილებაა, ტყუილად კი არ უთქვამთ - ნუ მოჭრი ხის იმ ტოტს, რომელზეც თავად ზიხარ. ეკოლოგია სწორედ ის ტოტია, რომელზეც ჩვენი კეთილდღეობა ვაშლივით კიდია.
იორმუღანლოს თემის 7 სოფელზე სალაშქრო მარშრუტი გადის, რომელსაც დავით გარეჯის თუ ბუნების სხვა ძეგლებისაკენ მივყავართ. სოფლებს ხედები ხვდა წილად, ურნები, ან ნაგვის გატანის მექანიზმი კი არა. აქ ძნელია გაარკვიო სად იწყება გამვლელი სტუმრების უდიერად დატოვებული და ადგილობრივების შეგნებულად დაყრილი ნაგავი.
ესთეტიკურ მხარეზე თვალის დახუჭვა უფრო ადვილი თუ გვეჩვენება, იმის უგულებელყოფა რასაც ვჭამთ და ვსვამთ გაცილებით ძნელია. უკონტროლოდ დაყრილი ნაგავი მხოლოდ ხედს როდი აფუჭებს. ხევებში, სადაც მდინარე ჩამოედინება, მთებსა და საძოვრების მიმდებარედ დატოვებული ნაგავი წლების განმავლობაში ადგილზე რჩება, ნიადაგი და გამდინარე წყლები კი სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური კომპონენტებით ბინძურდება და აუარესებს სანიტარულ მდგომარეობას.
2013-2014 წლებში ზოგიერთ რეგიონში საველე სამუშაოები ჩატარდა. კახეთში დანაგვიანებული ტერიტორიების მიმდებარედ აღებული სინჯების ანალიზმა დაბინძურების მაღალი ხარისხი აჩვენა. ნიადაგში ტოქსიკური ელემენტები და მძიმე ლითონები, სასმელ წყალში კი დასაშვებ მაჩვენებელზე გაცილებით დიდი რაოდენობის ნაწლავური ბაქტერიები აღმოჩნდა.
სტერილურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, თუმცა დაუსუფთავებელი გარემო მნიშვნელოვნად ამძიმებს ჯანმრთელობის რისკებს, რადგან ჩვენ, ისევე როგორც შინაური ცხოველი, ეკოსისტემის ამ ორი სერვისის აქტიური მომხმარებლები ვართ.
მსოფლიოში უკვე არსებობს გამართლებული დასუფთავების და უმთავრესად - არ დაყრის წამახალისებელი პრაქტიკები. ბევრ ევროპულ ქალაქში შეგხვდებათ აპარატი, რომელიც გამოყენებული ბოთლის დაბრუნებისას რამდენიმე ცენტით გასაჩუქრებთ, ან ქუჩის ძაღლებს საკვებს უყრის. შვედებს კი ნაგავთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ - აქ ყოველი კუბური მეტრი ფასდაუდებელია, რადგან ნაგვისაგან ელექტროენერგიას, ბიოგაზს და ორგანულ სასუქს იღებენ.
გარემოს დასუფთავება და მოვლა ცალმხრივი გზა არ არის, მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ნაგვის მართვის გამართულ სისტემას და გადამუშავების მექანიზმებს, გარემოსდაცვითი საგნების სასკოლო პროგრამაში ჩართვას, ბუნებასთან მეგობრულად აღზრდას და ცნობიერების ამაღლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოქალაქეობრივ ჩართულობას დასუფთავებასა და ნაგვის არ დაყრაში ალბათ ევროპაში არსებული აპარატების ქართული ანალოგიც წაახალისებდა. თითო პლასტმასის ბოთლის ჩაგდებაზე აპარატი თითო ხინკალს იძლეოდეს, შუშის ბოთლზე კი - ორ ხინკალს!
ვის ურნები, ვის ხინკალი, ვის კი ლაშქრობა. “რა სჯობს ველურ ბუნებას და აუთვისებელ ლანდშაფტებს”, მივუგე სანდრას კახეთის უკიდეგანო პლატოსკენ თითის გაშვერით. სანამ ნორვეგიელი მოზარდი ფოტოებს იღებდა, იქვე ბუჩქებში მოკალათებული ჩიფსის ჭყეტელა პარკი ზურგჩანთაში უსიტყვოდ ჩავიდე. მორიგ უხერხულ ხუმრობას, გარემოსათვის შეძლებისდაგვარად პირვანდელი სახის მიცემა ვამჯობინე. ბოლოს და ბოლოს დაბინძურებულ ნიადაგს, ეკოსისტემას და კვების ჯაჭვს დროებით თავი რომ დავანებოთ - მოვლილი ხომ უფრო ლამაზია.

იორმუღანლოს თემის 7 სოფელზე სალაშქრო მარშრუტი გადის, რომელსაც დავით გარეჯის და ბუნების მრავალი ძეგლებისაკენ მივყავართ. ხედები უხვადაა, ისევე როგორც ნაგავი

იორმუღანლოს თემის 7 სოფელზე სალაშქრო მარშრუტი გადის, რომელსაც დავით გარეჯის და ბუნების მრავალი ძეგლებისაკენ მივყავართ. ხედები უხვადაა, ისევე როგორც ნაგავი

სოფელ ლამბალოში ძნელია გაარკვიო სად იწყება გამვლელი სტუმრების უდიერად დატოვებული და ადგილობრივების შეგნებულად დაყრილი ნაგავი.  ურნების უქონლობა ანტისანიტარიას უწყობს ხელს

სოფელ ლამბალოში ძნელია გაარკვიო სად იწყება გამვლელი სტუმრების უდიერად დატოვებული და ადგილობრივების შეგნებულად დაყრილი ნაგავი. ურნების უქონლობა ანტისანიტარიას უწყობს ხელს

მოსახლეობა, ისევე როგორც შინაური ცხოველი, ეკოსისტემის ორი სერვისის - ნიადაგის და წყლის აქტიური მომხმარებელია. დანაგვიანება ორივეში ტოქსიკური ელემენტების შემცველობას ზრდის

მოსახლეობა, ისევე როგორც შინაური ცხოველი, ეკოსისტემის ორი სერვისის - ნიადაგის და წყლის აქტიური მომხმარებელია. დანაგვიანება ორივეში ტოქსიკური ელემენტების შემცველობას ზრდის

სოფლის მიმდებარე საძოვრებს, შინაური ცხოველები და ნაგავი ერთად იზიარებენ.  მესაქონლეობა ფართოდ გავრცელებული საქმიანობაა, ხორცი სხვა სოფლების და ქალაქების ბაზრებშიც გადის

სოფლის მიმდებარე საძოვრებს, შინაური ცხოველები და ნაგავი ერთად იზიარებენ. მესაქონლეობა ფართოდ გავრცელებული საქმიანობაა, ხორცი სხვა სოფლების და ქალაქების ბაზრებშიც გადის

წვიმისას ხევში წყალი მოდის, სარწყავ არხს უერთდება და იორში ჩაედინება. ახლომდებარე საგარეჯოში, დაბინძურებულ ტერიტორიასთან მომდინარე წყალში ნაწლავური ბაქტერიების მაღალი კონცენტრაციაა

წვიმისას ხევში წყალი მოდის, სარწყავ არხს უერთდება და იორში ჩაედინება. ახლომდებარე საგარეჯოში, დაბინძურებულ ტერიტორიასთან მომდინარე წყალში ნაწლავური ბაქტერიების მაღალი კონცენტრაციაა

განათლება, სისუფთავის დაცვის წამახალისებელი მექანიზმები, ურნები, ნაგვის გატანის გამართული სისტემა და გადამუშავება - ამ კომბინაციამ შესაძლოა მოსახლეობაში გარემოს დაცვა წაახალისოს

განათლება, სისუფთავის დაცვის წამახალისებელი მექანიზმები, ურნები, ნაგვის გატანის გამართული სისტემა და გადამუშავება - ამ კომბინაციამ შესაძლოა მოსახლეობაში გარემოს დაცვა წაახალისოს